რა არის საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია
საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია – დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც ჩვენების შესაბამისად გამოიყენება რეპროდუქტოლოგიაში.
აღნიშნული მეთოდის დროს ხდება ლაბორატორიაში წინასწარ დამუშავებული/გააქტიურებული სპერმის შეყვანა საშვილოსნოს ღრუში, სპეციალური კათეტერის საშუალებით. პროცედურა უმტკივნეულოა და იშვიათი გამონაკლისების (ვაგინიზმი, მძიმე ფსიქოემოციური სფერო ) გარდა, ანესთეზიას არ საჭიროებს.
როგორია დაორსულების შანსი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის დროს
- ერთ ციკლზე გათვლით – ორსულობის მიღების შანსი საშუალოდ 15-18 %-ია
- კუმულაციური სიხშირე კი ანუ 6 ციკლზე (ინსემინაციის 6 პროცედურის შემთხვევა ) გათვლით- 60-70 %
- დაორსულების სიხშირე დამოკიდებულია ექიმის კვალიფიკაციაზე, პაციენტის სწორად მომზადებაზე, კერძოდ იგულისხმება ჰორმონული ბალანსი, საკვერცხეებში ოვულაციური პროცესისა და საშვილოსნოში ენდომეტრიუმის სინქრონული დამოკიდებულება, რაც ექოსკოპიური კვლევით დგინდება და ასევე პარტნიორის სპერმის პარამეტრები.
- ინსემინაციის ჩატარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა წინა ციკლებში შესაბამისი კვლევით დადასტურებული გამტარი საშვილოსნოს მილები!!!
რა შემთხვევაში კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია
- გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა
- მსუბუქი ან მინიმალურიენდომეტრიოზი – დადასტურებული ლაპაროსკოპიით
- სქესობრივი ცხოვრების შეუძლებლობა – (ვაგინიზმი)
- ოვულაციური დარღვევები – ფოლიკულის მომწიფება/გასკდომის პროცესის დარღვევა საკვერცხეებში
- სპერმოგრამაში მსუბუქი ( რაოდენობრივი, მოძრაობით) დარღვევები
- სპერმის დონაციის პროგრამებში ( აზოოსპერმია; გენეტიკური დაავადება მამის ხაზით; მამაკაცი პარტნიორის არ არსებობა )
- იმუნური უნაყოფობა