რეპროდუქციული კლინიკა

ზურაბ საბახტარაშვილი: დედა ტერეზას მადლის ერთი წვეთი ყველა ექიმში უნდა იყოს



წლების წინ საბახტარაშვილების ოჯახში ვაჟი დაიბადა. მიხეილი დაარქვეს, მაგრამ დღეს მას ყველა ზურაბად იცნობს — დავით სულიაშვილის შვილიშვილს მისივე ნაწარმოების, “ზურაბის ციხის”, პერსონაჟის სახელი უფრო დაშვენდება, მასავით სამშობლოსთვის თავდადებული იქნებაო, გადაწყვიტეს ბებია-ბაბუებმა. გავიდა წლები და ბიჭისგან მართლაც სამშობლოს ერთგული კაცი დადგა. პროფესიაც ისეთი აირჩია, რომ მუდამ თავისი ხალხის სამსახურში ყოფილიყო.
ზურაბის დედა მეან-გინეკოლოგი გახლდათ. შვილიც მის გზას დაადგა. იმხანად სამედიცინო უნივერსიტეტში მოხვედრა და, მით უმეტეს, მედიცინაში თავის დამკვიდრება იოლი არ იყო, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა და მისთვის არასოდეს უღალატია. ყოველ ექიმში დედა ტერეზას ნაწილი უნდა იყოსო, ამბობს. სხვაგვარად ამ სფეროში მუშაობა შეუძლებელი იქნებაო. ალბათ სწორედ ადამიანების უსაზღვრო სიყვარულმა მისცა ძალა, ბოლომდე საკუთარი არჩევანის ერთგული დარჩენილიყო:

— ექიმობა რთულია, დიდ შრომას მოითხოვს. მაგალითად, იმ დისციპლინაში, რომელშიც მე ვმოღვაწეობ, პრაქტიკულად, განუწყვეტლივ ხდება ცოდნის განახლება და სიახლეებს ფეხი უნდა აუწყო. ეს სამყაროა, სადაც მუდამ რაღაც ახალს, აქამდე ამოუცნობს შეიცნობ.
არასოდეს მინანია არჩევანი. მაშინაც კი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში რთული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება იყო და მედიცინაში მოღვაწეობა მხოლოდ ენთუზიასტებსა და მართლაც განუზომლად ჰუმანურ ადამიანებს თუ შეეძლოთ.
ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში ექიმ ორდინატორად 1971 წელს მივედი. რამდენიმე წლის შემდეგ უკვე მყავდა ჩემი მრევლი — პაციენტები, ვისთან ურთიერთობაც სულიერადაც მაძლიერებდა და იმ მძიმე წლებში იმის საშუალებასაც მაძლევდა, ოჯახი ჩემი შრომით გამომეკვება. მაშინაც კი არ მინატრია ბანკირობა ან საქმოსნობა, ჩემი საქმე ვიცოდი და მიყვარდა, ჩემს ყანას ვთოხნიდი.


მოწოდებით ექიმი
— ყველა ექიმი დედა ტერეზა ვერ იქნება, მაგრამ მისი მადლის წვეთი ყველა ჩვენგანში უნდა იყოს, — თუ არ გიყვარს ავადმყოფი, არ გიყვარს მასთან მუშაობა და არ გახარებს მისი გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, ამ საქმეს არ უნდა შეეჭიდო. ჩვენს კლინიკაში მკურნალობის შემდეგ დაბადებული თითოეული ბავშვი უდიდეს სიხარულს გვანიჭებს. განსაკუთრებით რთული პაციენტებიც გვყვანან, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან დედობისთვის. ზოგიერთ მათგანს, თავისებური ხასიათის გამო, მთელი კლინიკა იცნობს... და როცა ერთ მშვენიერ დღეს ასეთი პაციენტი დაგვირეკავს და გვამცნობს, რომ ორსულობის ტესტი დადებითია, ჩვენს კლინიკაში საყოველთაო სიხარულია.
მეორე თვისება, რომელიც აუცილებელია ექიმისთვის, შრომისმოყვარეობაა. განუწყვეტლივ ცვალებად სამყაროში თუ ყოველდღიურად არ აიმაღლე ცოდნა, დროს ჩამორჩები და პროფესიონალი ვერასოდეს გახდები.
გარდა ამისა, მუდამ მიმაჩნდა, რომ მედიცინაში პატიოსნება უმთავრესია. თაღლითი ყველგან შეიძლება იყოს, მაგრამ არა მედიცინაში! როცა ოქრომჭედელი მოგატყუებს და დაბალი ხარისხის ოქროს შემოგასაღებს, საწყენია, მაგრამ არა მომკვდინებელი, ექიმის თაღლითობა კი პაციენტისთვის დამღუპველია.


კლინიკის შესახებ

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ საბახტარაშვილი საქართველოში გინეკოლოგიური, რეპროდუქციული და ესთეტიკური ენდოკრინოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მას, მოსწავლეებთან ერთად, ეკუთვნის ამ პრობლემატიკისადმი მიძღვნილი 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მეთოდური სახელმძღვანელო , რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე რეპროდუქციული და გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის განვითარებაში. სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად მისი ორმოცწლიანი პრაქტიკული გამოცდილება დაედო საფუძვლად კლინიკის სამედიცინო საქმიანობას როგორც გინეკოლოგიურ და ესთეტიკურ ენდოკრინოლოგიაში, ასევე უნაყოფო წყვილთა წარმატებულ მკურნალობაში. დღეს ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა ამ მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში.

— ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში ყველა ის ეტაპი გავიარე, რაც ექიმმა უნდა განვლოს — ორდინატორობიდან განყოფილების ხელმძღვანელობამდე. ოც წელიწადზე მეტხანს სამეცნიერო ნაწილში დირექტორის მოადგილე გახლდით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი წარმატებულ ექიმი, ვინც დღეს რეპროდუქტოლოგიაში მუშაობს, ჩემი მოწაფეა. კერძო კლინიკა ოთხი წლის წინ დავაარსე. ჩემი შვილი და სიძე, პროფესორი არსენ გვენეტაძეც გვერდით მედგნენ და მიდგანან დღემდე. ვცადე ყველა იმ სურვილის რეალიზება, რაც როგორც ექიმს წლების განმავლობაში დამიგროვდა. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი ფუძემდებლური ინსტიტუტია, რომელმაც ბევრი რამ შექმნა რეპროდუქტოლოგიაში, მაგრამ იქ ამ დისციპლინის შემადგენელი სპეციალობები — ენდოკრინოლოგია, რეპროდუქციული გინეკოლოგია, ანდროლოგია, ინ ვიტრო განაყოფიერება — სხვადასხვა განყოფილებაში იყო კონცენტრირებული. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისთვის ეს მისაღებია, მაგრამ ყოველდღიური საექიმო საქმიანობის კუთხით არცთუ მოხერხებული, ამიტომ ჩვენს კლინიკაში შევქმენით სისტემა - ერთი ექიმი, ერთი პაციენტი, რომელიც პაციენტებისათვის მაქსიმალურად კომფორტულია. სამუშაოდ სულ ახალგაზრდა ექიმები ავიყვანე; ერთად გამოვიარეთ მთელი ის გზა, რომელიც  რეპროდუქტოლოგმა უნდა განვლოს და დღეს თითოეულ მათგანს შეუძლია თქვას, რომ ამ  დარგის  პროფესიონალია , აქვს ცოდნა ყველა იმ სამედიცინო სპეციალობაში, რომელიც რეპროდუქტოლოგიის შემადგენელ ნაწილად განიხილება. ცხადია, როცა ერთიანად ხედავ დაავადების მიზეზს ან მიზეზთა წყებას, უკეთაც აღიქვამ დაავადების არსს, აქედან გამომდინარე, მკურნალობის სტრატეგიასა და პრიორიტეტებსაც სწორად აყალიბებ. მიმაჩნია, რომ ამ მიდგომამ გაამართლა — ჩვენს კლინიკაში მკურნალობის შედეგად ყოველთვიურად 10-14 ახალი სიცოცხლე იბადება.
ახლა რომ ვაგროვებდე  ჯგუფს, იმავე ხალხს მოვიწვევდი. მათ ყოველიგვარი ბარიერი გადალახეს, ყოველგვარი სირთულე დაძლიეს — მე დაუნდობელი ვარ უვიცობის მიმართ!
ერთი საინტერესო ტრადიციაც დავნერგეთ: ყოველ შაბათს გვაქვს ე.წ. “ნუცას სკოლა”: რომელიმე ექიმი ამუშავებს თემას და გვაცნობს იმ ნოვაციებსა და უახლეს გაიდლაინებს, რომლებიც ეს-ეს არის დაინერგა მედიცინაში. მოხსენებას ცხარე დისკუსიები მოჰყვება.  ამგვარად  ერთმანეთს შრომას ვუადვილებთ — როცა ერთი ადამიანი ეცნობა სიახლეებს და ამ ცოდნას დანარჩენებს გვიზიარებს, გაცილებით სწრაფად მივიწევთ წინ.
დღეს ძნელია, გახდე ექიმი. ვინც ამ გზას აირჩევს, 10-12 წელიწადი უნდა ისწავლოს. ამასთან, უმეტესობამ ამ ხნის განმავლობაში საკუთარი სწავლება თვითონვე უნდა დააფინანსოს — ეს მძიმე ტვირთია ოჯახისთვისაც და თავად სტუდენტისთვის. შემდეგ ძნელია სამსახურის პოვნა, რადგან საქართველოში ბევრი ექიმია და ბაზარი გადავსებულია, ახალი კადრის მიღება და დამკვიდრება ჭირს. ამასთანავე, ახალგაზრდა ექიმის შემოსავალი საკმაოდ მცირეა იმ შრომასთან შედარებით, რასაც ეწევა. მეორე მხრივ, ახალგაზრდას შეუძლია ბიზნესადმინისტრირება, ფინანსები ან სხვა პრესტიჟული საქმიანობა შეიწავლოს, ინსტიტუტის დასრულებისთანავე მოეწყოს ბანკში ან  რომელიმე  წარმატებულ  ფირმაში  და სოლიდური შემოსავალიც ჰქონდეს. ალბათ ამიტომ, ახალგაზრდები ხშირად უფრო იოლ გზას აირჩევენ ხოლმე, თუმცა ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ — ვინც ამ დარგში მოდის, უნდა მოდიოდეს იმიტომ, რომ ექიმობა უნდა და არა იმისთვის, რომ სამედიცინოს დიპლომი კარგი მზითევია. ვისაც ექიმობა ნამდვილად უნდა, ამ დაბრკოლებებსაც გადალახავს.

გზის დასაწყისში

ახალგაზრდობა ყოველთვის სასიამოვნო გასახსენებელია, თუმცა საინტერესო იმ დროში ბევრი არაფერი ხდებოდა. ტოტალიტალური რეჟიმის დროს თავისუფალი აზროვნება მხოლოდ სამზარეულოში შეიძლებოდა... თუმცა იყო ხალხი, ვინც მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია ჩვენს ცხოვრებას. როცა ენდოკრინოლოგიის საფუძვლიანი შესწავლა დავიწყე, წილად მხვდა პროფესორ ვაჟა ივერიელთან ურთიერთობის ბედნიერება. მეორე ასეთი ადამიანი ჩემთვის ედუარდ ვეინბერგი გახლდათ — ჩემი ხელმძღვანელი ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში, კარგი ექიმი, განათლებული და, საზოგადოდ, საინტერესო პიროვნება. მასთან საუბრები ჩემთვის დიდი სკოლა იყო. ხშირად გვიკამათია კიდეც. ახალგაზრდა მუდამ მაქსიმალისტია, უფროსი კი კონსერვატორი, სწორი  თვალხედვა კი  სწორედ  მათ  განსჯაში შიძლება ჩამოყალიბდეს. ვცდილობ, არც ჩემს მოწაფეებს ვაგრძნობინო ასაკობრივი ბარიერი, პირიქით, ყოველთვის ვაძლევ დისკუსიის შესაძლებლობას, რადგან საექიმო აზროვნებას სწორედ ასეთი დისკუსიები ავითარებს.

თანამედროვე პრობლემები
თანამედროვე ჯანდაცვა დიდ ფინანსებს მოითხოვს — ხარისხიანი აპარატურა კოლოსალურად ძვირია. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა გახლავთ — ექიმებს უწყვეტი სწავლების პროგრამა უნდა ჰქონდეთ. ყველა ექიმს ვერ მოვთხოვთ, იცოდეს ესა თუ ის ენა და ინტერნეტით ეცნობოდეს მსოფლიო სიახლეებს; ამისთვის სახელმწიფომ უნდა შექმნას უწყვეტი განათლების სისტემა. საბჭოთა დროში არსებობდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი. როგორ მუშაობდა და რა ხარვეზები ჰქონდა, ეს სხვა საკითხია, თუმცა პრინციპი მართებული და მნიშვნელოვანია.
დროულ და სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ყველა საექიმო დისციპლინაში ქართულენოვანი გაიდლაინების დაფუძნება. ახლახან წარვადგინეთ რამდენიმე გაიდლაინის პროტოკოლი ჩვენს დისციპლინაში. ეს აუცილებელია, რათა ექიმს სამოქმედო დოკუმენტი ჰქონდეს.


ტრადიცია გრძელდება
— მყავს  ორი შვილი — ვაჟი და ქალიშვილი — და ორი შვილიშვილი — ლუკა და მარიამი. ლუკა წელს სკოლას ამთავრებს, სამედიცინო ინსტიტუტში სურს ჩაბარება. ასე რომ, ჩვენი ოჯახურ ტრადიცია უკვე მეოთხე თაობაში გაგრძელდება. მარიამი კი ჯერ პატარაა იმისთვის, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს.
როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ექიმობა რთული გზაა და ლუკას ეს პროფესია რომ არ აერჩია, გული ალბათ არ დამწყდებოდა, მაგრამ მაინც ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ვინ იცის, გავიდეს წლები და ჩემს კაბინეტში ის იჯდეს, ახლა მისგან აიღონ ინტერვიუ...


მოსწავლეები პედაგოგის შესახებ

„ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ ექიმმა ქეთი კაკაშვილმა ბატონი ზურაბი რეზიდენტურაში შესვლისთანავე გაიცნო. იმხანად ის ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე გახლდათ:
— მისი დიდი რიდი და შიში გვქონდა, რადგან ძალიან მკაცრი და მომთხოვნი იყო. მასთან შესახვედრად განსაკუთრებულად ვემზადებოდით. თავად ბატონმა ზურაბმა მოისურვა, ახალგაზრდებთან ერთად სამედიცინო საქმიანობაში ახალი ეტაპი დაეწყო და რამდენიმე რეზიდენტი აარჩია. ერთ-ერთი მათგანი მე გახლდით... ბედმა გაგვიღიმა. მასთან მუშაობა, მართალია, რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესოც. უკვე მეოთხე წელიწადია, მის გვერდით ვმუშაობ და თვითონვე ვხედავ, როგორ ვიზრდები დღიდან დღემდე როგორც პროფესიონალი.
ბატონი ზურაბი მომთხოვნია, მაგრამ თბილიც. ხშირად უთქვამს, ჩემი სამედიცინო შვილები ხართო...

ქეთევან ქანთარია, ექიმი რეპროდუქტოლოგი:
— საშუალება მომეცა, მემუშავა ბატონ ზურაბთან არა მხოლოდ როგორც პრაქტიკოს ექიმს, არამედ როგორც მის მოსწავლესაც და რამდენი წელიც უნდა გავიდეს, ამით მუდამ ვიამაყებ. მახსოვს რეზიდენტურაში სწავლის პერიოდი. თითოეული მისი ლექცია იყო მასტერკლასი, ერთნაირად საინტერესო რეზიდენტისა თუ სტუდენტისთვის. პაციენტის კონსულტაციაც კი პატარა ლექციაა.
ბატონი ზურაბი უდიდესი ადამიანია. მასთან ერთად მუშაობა და, როგორც თავად იტყვის ხოლმე, “შემოქმედებითი წვა” ძალიან საინტერესოა. მეამაყება ამ კლინიკაში მუშაობა, რადგან დილეტანტიზმი აქ ვერ იხარებს, რადგან ბატონი ზურაბი არაპროფესიონალიზმს ვერ ეგუება. ბევრი რამ ვისწავლე მისგან და მიმაჩნია, რომ ექიმად ჩემს ჩამოყალიბებაში სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი.

ჟურნალი "ავერსი"

@ 2012, sabakhtarashviliclinic.ge, ყველა უფლება დაცულია | ვებ უზრუნველყოფა : ბექა ფარქოსაძე